ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე აქციის გამართვას გეგმავს.
როგორც ბოკუჩავამ ფორმულას ეთერში განაცხადა, აქციაზე მმართველი პარტია, სავარაუდოდ, ისევ სსიპ-ების და ააიპ-ების წარმომადგენლების გამოიყვანს.
"მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუ არ ვცდები 27-ში თუ 28-ში ქართული ოცნება აპირებს აქციის დაორგანიზებას. სავარაუდოდ ისევ ვიხილავთ ამ ძალადობით გაჟღენთილ რიტორიკას და მონაწილეობას მიიღებენ ალბათ ისევ სსიპ-ების, ააიპ-ების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გუშინდელი მინი აქციები სამარცხვინოდ ამხელდა ამ რეჟიმის სახეს, ამაზე უფრო დათვური სამსახური რა უნდა გაუწიო საკუთარ თავს.
ჩემი აზრით, ეს იქნება კონტრპროდუქტიული აქცია, ბუნებრივია ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ვაპირებთ არა ცოცხებით და სხვა ნივთებით შეიარაღებული ადამიანების, არამედ დროშებით და გამარჯვების რწმენით გამსჭვალული ადამიანების მობილიზაცია მოვახდინოთ მეორე ტურებისთვის, რათა გაიმარჯვოს არა ერთმა პოლიტიკოსმა და ერთმა პარტიამ, არამედ გაიმარჯვოს ამ ქვეყანამ და საქართველომ შეძლოს წინსვლა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გუშინ, თბილისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პრეზიდენტის მხარდასაჭერად მოქალაქეები დედაქალაქში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ.
მანამდე, თბილისისკენ მიმავალ კოლონებს ხელს უშლიდა ქართული ოცნების პარტიული აქტივი, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ავტომობილებს ცოცხებს ესროდნენ.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".